გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები

გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები,
სხვა ფიქრებისთვის მე არ მცალია.
ასე რომ ოხრავს - სულია ჩემი,
ასე რომ ტირის - როიალია.

თითქოს ძვირფასი რაღაც დავკარგე,
გული სუსტია დ უფრო მწირი.
საცაა მოვა ახლა აკაკი
და როიალიც დაიწყებს ტირილს. 

გავიდა კვირა

გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან.

ცას აბარია
სულის ობლობა.
ხომ ზღაპარია
დღეს მეგობრობა.

გულია - ღერძი,
რა ქნას ხელებმა?!
და დღესაც ვებრძვი
საშინელებას.

მე, როგორც ვატყობ,
წავიდა მთვარე.
სადღაც ავადმყოფს
ახველებს მწარედ.

გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან. 

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,
გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები.
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ჩემი და,
მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი.
ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან
ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი.

უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია!..
(სადღაც ზარის რეკვაა. ილესება ისარი).
ჩემი სუსტი სხეული - გაწყვეტილი ძაფია,
ჩემი შემოქმედება - დედამიწის სიზმარი.

ჩემს გარშემო ბურია, ჩემს გარშემო ნისლია,
მოჩვენება შემოდის ღია თვალთა გუგებში.
ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია!..
აი, სწორედ ამიტომ არ ვიწამე ნუგეში.

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,
გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები.
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები. 

ბნელია სივრცე

ბნელია სივრცე,
ქსელავს ობობა.
და ისევ ვიგრძენ
უმეგობრობა.

სუფევს ფოთლები,
მელანქოლია.
და მეგობრები
მე არ მყოლია. 

ბედს გავურბოდი

ბედს გავურბოდი,
და გული გავხსენ.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, უხილავზე.

ბედს გავურბოდი,
მაინც რას ვეძებ.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, სილურჯეზე.

ბედს გავურბოდი,
და უფრო ასე.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, დაღუპვაზე. 

ბაღში ქარია ისევ

ბაღში ქარია ისევ
და კვიპაროსის რხევა.
გული წამებას მისდევს
და უიმედო დღეა.

ასე დადიან ირგვლივ
და ასე გადის წამი.
ჩემი მდუმარე ფიქრი
ტყვეა ცისფერი ღამის.

და მაგონდება ისევ
ჩემი დის ბავშვი უჩა.
მივყვები გრძნობას ცისკენ,
მივყვები კამოს ქუჩას.

ბაღში ქარია ისევ,
ლექსი შეღება სისხლმა.
ყოფნას ვიგონებ ისე,
როგორც შორეულ სიზმარს.

ბაღში ელვარებს ეს დღე მზიანი

ბაღში ელვარებს ეს დღე მზიანი
და მიფრინავენ თეთრი პეპლები.
და ვატყობ, როგორც ადამიანი
ამგვარ დუმილში რომ ვიფერფლები.

წავიდა ქარი და მწარე ფიქრი,
თუმცა ფიქრები მარად ივლიან.
და მიხარია, რომ ხეა ირგვლივ
და ჩემს გარშემო რომ ყვავილია. 

ბაღია ამ სილურჯეში

ბაღია ამ სილურჯეში, 
შორს სამრეკლოა, ზარები. 
გაჩნდება ჩემი ნუგეში 
და ჩემი თანამგზავრები. 

ბაღია ამ სილურჯეში 
და შორს უღრანი ტყეები. 
ქრიან თვალები ქუჩაში, 
ქრიან უმზეო დღეები. 

ბარათი ცისკენ

ეს გული დაისერა, 
ნისლია ნაპრალებთან. 
ასეა ბედისწერა, 
ასეა გაწვალება. 

არ მინდოდა ნიღაბი, 
დარდი მქონდა ისედაც. 
მე ოთახში ვიყავი, 
მთვარე მაღლა იწევდა. 

იდუმალ მხარეების 
მოდიოდა გრიგალი, 
და მკლავდნენ ღამეები 
ბედის მძიმე გრიალით 

პირჯვარი გადვიწერე 
და გთხოვე მოწყალება. 
ასეა ბედისწერა, 
ასეა გაწვალება. 

აჰა, მგოსნებო

აჰა, მგოსნებო!
მოდის ზამთარი.
ბედზე ვოცნებობ,
ასე გამხდარი.

და მოჰქრის ქარი
და სიკვდილია.
შენსკენ მზე არის,
ჩემსკენ ჩრდილია.